მახსოვს ზაფხული
მახსოვს ზაფხული ტობანიერის,
ჩვენი მდინარე და მეფის-ჭალა.
დედა სათუთად შლის „ივერიას“,
მდინარის ქარი ჰქრის ჩალა-ჩალა.
არც ის ზაფხული არსებობს ახლა,
არც მეფის-ჭალა, არც ის მდინარე,
სულ სხვა დროებამ ხმა აღიმაღლა
და გზა წაშალა მონანინარე.
ეს გზა გაუქმდა. გზა გაიშალა
სხვა ჰორიზონტის ფრთაგანიერის.
მდინარის ქარი ჰქრის ჩალა-ჩალა.
მახსოვს ზაფხული ტობანიერის!
გალაკტიონ ტაბიძე
პოეზია განსაკუთრებულ სიხარულს და ემოციებს მგვრიდა ბავშვობიდან. დღემდე შემომრჩა რამდენიმე წიგნი ჩემს სასთუმალთან, ლექსების სამი-ოთხი კრებული. ლექსში ხომ მხოლოდ თხრობა არ არის, ზუსტად აქ ჩანს ხოლმე ავტორის სული და მისი არაამქვეყნიური ფიქრებიც ჩვენამდე ზუსტად პოეზიის საშუალებით მოდის. რამდენი რამ გავიგე და შევითვისე ლექსებიდან, რამდენ რამეზე დავფიქრდი. და ახლაც, რამდენიმე დღის წინ, როცა ყველამ დაიძინა, ჰაერიც გაიწმინდა და სრულიად მარტო შემოვრჩი დიდ ოთახს, გალაკტიონის ძველისძველი წიგნი გავშალე და განსხვავებული ემოციაც მოვიდა, ზუსტად ზაფხულზე, წლებზე, დღეების უთვალავ ნაკადზე, მძივივით რომ ებმის ერთმანეთს და დღემდე მოვყავართ − კიდევ ახალ ზაფხულამდე და კიდევ ახალ ემოციებამდე.
აგვისტოს OK!-ის გამოცემა ზაფხულის ცხელ დღეებსა და საქართველოს ტურიზმს ეძღვნება. წლევანდელ ზაფხულს ყველა საქართველოში ვრჩებით და მეტი შესაძლებლობა გვაქვს უკეთ გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაზღვრო პოტენციალი ყველა მიმართულებით. რომელ გზასაც უნდა დაადგე, წარმოუდგენელ სილამაზეში ხვდები, ამას ემატება ჰავა, ემატება ეკოლოგიურად სუფთა საკვები, ჰაერი, რომელიც კურნავს. ზღვიდან მთამდე სულ რამდენიმე საათში ხვდები. ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის მოქცეული საქართველო რეგიონში წამყვან ტურისტულ ზონად იქცეს. მე მაქვს იმედი ჩემი ქვეყნის, მაქვს იმედი, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს. აბა, ვინ წარმოიდგენდა თუნდაც 20 წლის წინ, რომ ერთ წელიწადში ჩვენი ქვეყანა 10 მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლებდა.
ახლა ზღვის სეზონი მოდის... გვიყვარს ზღვა აგვისტო-სექტემბერში ქართველებს. მალე მატარებელში ჩავჯდები და ზღვისკენ გავეშურები. ჩემს სამგზავრო კალათაში ისევ იქნება მოთავსებული გალაკტიონის ლექსების ყდაშემოფლეთილი კრებული, ემოციებისა და გრძნობების კონა... არაფერზე ვიფიქრებ, ზღვას მივუჯდები და შევეცდები დასვენება ნამდვილს ჰგავდეს − მზე, ზღვა, ნიავი, ჩემი მუსიკა და ერთი-ორი წიგნიც მეყოფა...
ბედნიერი დასვენება მინდა ვუსურვო ჩვენს მკითხველს. დაისვენეთ ყველასგან და ყველაფრისგან. უბრალოდ, მიეცით თავს ამის უფლება − შეიგრძენით ზღვის მაცოცხლებელი ძალა, მთის მაკურნებელი ჰაერი თუ სოფლის ეზოს ჩრდილში მიღებული თერაპია.
სიყვარულით, ნინო ჯიბლაძე
ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი